Connect with us

ფეხბურთი

ერთობლივი ჩემპიონატი_შანსი მცირე კლუბებს!

ევროპულ ფეხბურთში დიდი ხანია ტოპ 4 ჩემპიონატების კლუბები დომინირებენ, ამაზე ისიც მეტყველებს რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ბოლოს შორეულ 2004 წელს მოიგო გუნდმა რომელიც არ იყო ტოპ 4_ის წარმომადგენელი, დიდი კლუბები კი უფრო და უფრო, წლიდან წლამდე მდიდრდებიან და სხვა კლუბები მათ ერთგვარ ფარმ-კლუბებად ჩამოყალიბდნენ საიდანაც გაედინებიან ყველა ის ფეხბურთელი რომელიც ოდნავ მაინც გამოჩნდება საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც კი რომელიმე მცირე კლუბი სხვა ლიგიდან  რაიმე ფასეულ შედეგს დადებს ევროთასებზე  მომდევნო სეზონიდანვე იწყება მისი დაშლა გრანდების მიერ, შედეგად კი ვიღებთ ისევ ნოლიდან ასაშენებელ კლუბებს და ისევ ჯგუფში ჩარჩარჩენილ ყოფილ პერსპექტიულ გრანდებს.

ამის გამოსავალი თითქოს სულ რამდენიმე ხნის წინ ჩრდილო ევროპაში გამოჩნდა და უეფადანაც როგორც გამოჩნდა მწვანე შუქი მიიღო. ეს გამოსავალი კი ჩრდილოევროპელებმა საერთო ლიგის ჩამოყალიბებაში იპოვეს რომელსაც სახელიც შეურჩიეს და “ატლანტიკური ლიგა” უწოდეს. ტურნირი ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა მაგრამ როგორც სჩანს ბევრი არც არაფერი უკლია. ამ ლიგაში ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნები შევლენ როგორებიც არიან დანია, შოტლანდია, ირლანდია, ნორვეგია და შვედეთი.

ამ ქვეყნებში ფეხბურთი საკმაოდ განვითარებულია სანაკრებო კუთხით, მათი არაერთი ფეხბურთელი ტოპ 4 ჩემპიონატში ასპარეზობს, მაგრამ საკლუბო ფეხბურთის შედეგი არც ისე წარმატებულია, ხშირად მათი კლუბები ევროტურნირების საკვალიფიკაცო ეტაპის დაძლევას ვერ ახერხებენ ან მათი მაქსიმუმი ჯგუფური ეტაპია რის შემდგომ სხვა ტოპ ჩემპიონატის კლუბები დიდი ფინანსების დახმარებით მალევე შლიან მათ შემადგენლობებს.

ეს ახალი გაერთიანებული ჩემპიონატი არც თუ ცუდი იდეაა ქართული საკლუბო ფეხბურთის რეანიმირებისათვის, მსგავსი იდეა 2000_იანების დასაწყისშიც იყო როდესაც ნოდარ ახალკაცი უმცროსი იყო ფედერაციის ხელმძღვანელობაში, მაშინდელი იდეით ქართულ-აზერბაიჯანული ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო და ასევე იდეის დონეზე იყო ყაზახეთის ჩემპიონატის შემოერთებაც, მაგრამ ეს იდეა მალევე მოკვდა რის მიზეზიც ის იყო რომ არ იყო მწვანე შუქი უეფადან და ასევე სიმართლე რომ ვთქვათ არც აზერბაიჯანელები იწვოდნენ ჩვენთან ბურთაობის სურვილით, მათი არგუმენტი კი რკინის იყო: “რა სარგებელს მოგვცემს ქართულ კლუბებთან თამაში?”

მოდი განვიხილოთ რანაირად და ვისთან იქნება შესაძლებელი გაერთიანებული ლიგის ჩატარება ჩვენთვის?

პირველ რიგში მსგავსი ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს ისეთ ქვეყნებში რომლებიც ერთ რეგიონში მდებარეობს, ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტი ჩვენთვის  ერთგვარი სამხრეთ კავკასიური ლიგის ჩატარება იქნებოდა სადაც ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული კლუბები მიიღებდნენ მონაწილეობას მაგრამ ეს იდეა დასაწყისშივე განწირულია სომხურ-აზერბაიჯანული ცხელცხელი კონფლიქტის გამო ამიტომ მოდი უფრო დასავლეთით გავიხედოთ.
ფეხბურთი არაერთი ქომაგისგან ხშირად გამიგია ამ თემაზე საუბრისას “შავი ზღვის ლიგის” იდეა. ამ ლიგაში 5 ქვეყანა მიიღებდა მონაწილეობას: საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი. რუსეთი დიდი ალბათობით ამ ჩემპიონატში არ ჩაერთვება რადგან ერთ ტურნირში უკრაინის და რუსეთის თამაში გამორიცხულია, ასევე არის სპორტული მხარეც რაც იმაში მდგომარეობს რომ რუსეთის ჩემპიონატმა ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა და ძალიან საეჭვოა მათ თავადაც მოინდომონ ამ ტურნირში ჩართვა.

ამ ტურნირის იდეას აქვს არსებობის უფლება რადგან ხუთივე ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში მდებარეობს, ჩემპიონატების დონეების მხრივ თუ არ ჩავთვლით თურქულ და უკრაინულ გრანდებს მეტნაკლებად ბალანსი დაცული იქნება გამომდინარე იქიდან რომ მსგავსი ჩემპიონატის პირობებში ქართულ და თუნდაც ბულგარულ ტოპ კლუბების მეპატრონეებს გაუჩნდებათ მეტი შემოსავალი როგორც ბილეთებიდან ასევე ტელე ტრანსლირების გაყიდვიდან რაც ასევე იძულებულს გახდით რომ მეტი დახარჯონ გუნდში რათა გახდეს კონკურენტუნარიანი თურქულ და უკრაინულ გუნდებთან ბრძოლაში.

და ბოლო შესაძლებლობა არის თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი ჩემპიონატი რომელიც ასევე საკმაოდ რეალურია, მაგრამ დიდი ალბათობაა რომ ამ ტურნირზე პირველივე სეზონიდან ყველა ქართული კლუბი აუთსაიდერი იქნება გამომდინარე თურქული და აზერბაიჯანული კლუბების ფინანსური რესურსიდან გამომდინარე.

მოკლე შეჯამება რომ გავაკეთოთ, გასაგებია თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო მსგავსი გაერთიანებული ტურნირიდან მაგრამ რატომ დათანხმდება თუნდაც რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მსგავს ტუნირში ჩართვას? მოლაპარაკება! ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენმა ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ დაიყოლიოს სხვა ფედერაციების ხელმძღვანელები და დაანახოს ის პერსპექტივები, ის შემოსავლები და ის შესაძლებლობები რაც მსგავსი პროექტის განხორციელებას მოჰყვება.

შედეგად კი მივიღებთ მაღალი დონის საერთო ჩემპიონატს, გადავსებულ სტადიონებს ქართულ ქალაქებში ყოველ უქმეებზე, ხალხი ისევ დაიწყებს შაბათიდან შაბათამდე ცხოვრებას, ქართველ მოთამაშეებს აღარ ეჭირებათ გაქცევაზე თვალი, გუნდებს გაუჩნდებათ დიდი შემოსავლები როგორც ბილეთებიდან ისე ტელე ტრანსლიაციებიდან და სწორედ თავად ეს კლუბები ააშენებენ იმ აკადემიებს და იმ სტადიონებს რომლებსაც ახლა ფედერაციები აშენებენ. რათქმაუნდა ამ ჩემპიონატს დასჭირდება რომ ჩვენმა ფედერაციამ დახარჯოს თანხები მოამზადოს სტადიონები, სავარჯიშო სივრცეები მაგრამ ჩემი დიდი რწმენით ეს დანახარჯი მოიტანს გაცილებით დიდი შედეგს ვიდრე, კლუბებისთვის მილიონების გადარიცხვა რაც რეალურად მხოლოდ იმას ემსახურება რომ ჩემპიონატი არ ჩაიშალოს.

 

 

Total Page Visits: 356 - Today Page Visits: 3
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები