Connect with us

ფეხბურთი

ფონიავა: ” აქ მენდობიან, რაც ჩემთვის უპირველესია “

წყალტუბოს “სამგურალმა” აწ უკვე დასრულებულ სეზონში ეროვნული ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა, თასის ფინალში კი “გაგრასთან” პენალტების სერიაში დამარცხდა. იმერლები დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ ელიტურ დივიზიონს, ამ წარმატებაში კი ლომის წვლილი პაპუნა ფონიავას მიუძღვის, რომელსაც ჩვენ დავუკავშირდით და საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

გასული სეზონი გუნდისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გუნდმა ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა და თასის ფინალში ითამაშა. პირადად შენ როგორ შეაფასებდი გუნდის თამაშს და რა პლუს-მინუსები შეგიძლია გამოყო?

წარმატების მთავარი გასაღები გუნდურობაა. თითოეულმა ჩვენგანმა დიდი შრომა გასწია რათა ეს შედეგი მიგვეღო. საწყისი ტურები ჩავაგდეთ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გავაანალიზეთ და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა.  ვფიქრობ ღირსეულად მოვიპოვეთ ლიგა 1-ის საგზური და ვეცდებით ეს ყველაფერი მომავალ სეზონში განვამტკიცოთ. მთელი გუნდი ერთ მუშტად იყო შეკრული, გუნდის ხელმძღვანელობისგან უდიდეს თანამდგომას ვგრძნობდით და ამისათვის ყველას მადლობას ვუხდი.

უშუალოდ შენს სათამაშო ფორმაზე რას იტყვი?

პირველ რიგში უნდა გამოვყო რომ სამწვრთნელო შტაბმა და ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამომიცხადა და ვფიქრობ მეტ-ნაკლებად ეს ნდობა გავუმართლე. თუმცა ამის მიუხედავად არსებულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ და ვეცდები კიდევ უფრო სასარგებლო ვიყო გუნდისთვის, საერთო ჯამში კი გასულ სეზონს დადებითად შევაფასებდი.

სულ მალე ახალი სეზონი დაიწყება. რა იქნება “სამგურალის” მიზანი ამ სეზონში?

ჩვენი მიზანი ყველა თამაშში გამარჯვების მოპოვებაა. ვფიქრობ ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ვითვლებით და ჩვენთან თამაში არც ერთი გუნდისთვის მარტივი არ იქნება.

გასულ სეზონში შენ უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდი, მაგრამ თავი კარგად წარმოაჩინე. მაინც რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

სეზონის სტარტზე ჩვენ რამდენიმე ტაქტიკით ვთამაშობდით და იყო შემთხვევები როცა თავდამსხმელადაც კი მომიწია თამაშმა. ჩემთვის იდეალური პოზიცია მოედნის ცენტრში ყოფნაა, თუმცა მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო თუ გუნდს დასჭირდება. ბიჭებს ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს და ეს პოზიციურ დისკომფორტს არ გვიქმნის, ამას ემატება მწვრთნელის ფაქტორიც, რომელიც ზედმიწევნით გვიხსნის ჩვენს ტაქტიკურ და თეორიულ დავალებებს და ჩვენც ვცდილობთ მისი მითითებები ზედმიწევნით შევასრულოთ.

სეზონის დასრულების შემდეგ გქონდა თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგან და რატომ გადაწყვიტე წყალტუბოში დარჩენა?

რამდენიმე ვარიანტი იყო თუმცა აქ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან აქ მენდობიან რაც პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც “სამგურალმა” ახალი კონტრაქტი შემომთავაზა ბევრი არ მიფიქრია, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი მწვრთნელმა და მთლიანად სამწვრთნელო შტაბმა ითამაშა, რომლებმაც ნდობა ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტში გამომიცხადეს და მეც ჩემის მხრივ ვეცდები ეს ნდობა ჩემი კარგი თამაშით დავუფასო.

 

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში პაპუნა ფონიავამ “სამგურალის” მაისური 22 მატჩში მოირგო და 3 გოლის გატანა მოახერხა

 

Total Page Visits: 640 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები